суббота, 21 июня 2014 г.


მე-19  საუკუნის დასაწყისი უმნიშვნელოვანესი უღელტეხილია ქართველი ხალხის ისტორიულ განვითარებაში. ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე-19 ს. დასაწყისიდან ქართველი ხალხის ბედი მტკიცედ დაუკავშირდა რუსი ხალხის ბედს. ყველაზე შორსმჭვრეტელი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინავე საზოგადოებრივი ფენების ინტერესებს გამოხატავდნენ. რუსეთში ხედავდნენ ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც შეეძლო მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლებით და შინაგანი პარტიკულარიზმით დაუძლურებული საქართველო ეხსნა აღმოსავლეთის აგრესიული ქვეყნების ხელყოფისაგან.
ქართველი ხალხის ფიქრთა მპყრობელმა ილია ჭავჭავაძემ რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: ¨ დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა... ის დღე და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში 
მე-19 საუკუნის 20 – 30-იანი წლებიდან ჩვენში იქმნება შესაძლებლობა საწარმოო ძალთა განვითარებისათვის და ქვეყნის ფეოდალურ დაქუცმაცებას თანდათან ბოლო ეღება. სამეურნეო განვითარებამ ერთმანეთს დაუკავშირა საქართველოს ცალკეული მხარეები და საერთო ეკონომიურ ორბიტაში მოაქცია წინათ განკერძოებული ფეოდალური სამთავროები. ქალაქების ზრდა და ცხოვრების ევროპული ფორმების დანერგვა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა ძირს უთხრიდა ფეოდალურ-პატრიარქალურ წესებს.
იღვიძებდა საზოგადოებრივი შეგნება. ყოველივე ამან თანდათან გააძლიერა სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
ამრიგად, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშივე შეიცვალა საქართველოს საზოგადოებრივ-ეკონომიური განვითარების გეზი,  რამაც ხელი შეუწყო ქართველ ხალხს კოლონიური ჩაგვრის მძიმე პირობებშიც კი გაეღრმავებინა ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი, საკაცობრიო პროგრესის უახლესი მიღწევებით გაემდიდრებინა თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურა და
ჩაბმულიყო ეპოქის საზოგადოებრივი მოძრაობის ფერხულში.